Friday, January 18, 2013

ილია ჭავჭავაძე (ცნობა ქართული ელ-ბიბლიოთეკიდან)

დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა — მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას — მამა. დაობლებული ილიასა და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ — მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა. 1848-იდან ილია ჭავჭავაძე თბილისის კერძო პანსიონში სწავლობდა, 1852-იდან — თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, 1857—1861 — პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუსულ და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ დემოკრატების — ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს. ამ წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით გამსჭვალული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურასა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში: პოემა "აჩრდილი" (პირველი რედაქცია, 1859), რომელიც უმწვავეს ეროვნულ და სოციალურ პრობლემებზე წუხილის ნაყოფია და ნათელი მერმისის რწმენითაა განმსჭვალული; ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებით შთაგონებული დრამატული პოემა "ქართვლის დედა. "სცენა მომავალ ცხოვრებიდან" (პირველი რედაქცია, 1860); პოემა "კაკო ყაჩაღი" — "რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან" (1860) — მძაფრი პროტესტი ბატონყმობის წინააღმდეგ; ამავე პერიოდს განეკუთვნება როგორც ჭავჭავაძის პოეტური თარგმანები ( შილერის, ჰაინეს, რიუკერტის, ბაირონის, სკოტის, შენიეს, პუშკინისა და ლერმონტოვის ნაწარმოებისა) და სატრფიალო ლირიკის უდიდესი ნაწილი, ასევე პროგრესული სოციალურ და ეროვნულ იდეალებითა და მხატვრული სიახლეებით აღბეჭდილი საყოველთაოდ ცნობილი ლექსები "ხმა სამარიდან" (1857), "გუთნის-დედა", "ქართვლის დედა", "ჩემი თარიაღალი" (სამივე 1858), "ნანა" (1859), "ქართველ სტუდენების სიმღერა", "მუშა", "იანიჩარი" (სამივე 1860); პატრიოტული ლირიკის ბრწყინვალე ნიმუშები — "ელეგია" (1859), "მესმის, მესმის" (1860), "გაზაფხული" ("ტყემ მოისხა ფოთოლი"…, 1861); "პოეტი" (1860), რომელშიც ნათლად არის ჩამოყალიბებული ჭავჭავაძის შეხედულება პოეტის საზოგადოებრივი მისიის შესახებ. ამავე ხანებში იქმნება ჭავჭავაძის მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები, რამაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში: ბატონყმური ინსტიტუტის მანკიერებათა მამხილებელი მოთხრობა "გლახის ნაამბობი" (I—IV თავები, 1859) და ესკიზები მოთხრობისა "კაცია-ადამიანი?!", სადაც მებატონეთა გადაგვარებული და სასიკვდილოდ განწირული კლასის უაზრო და უშინაარსო, მცონარული ყოფის მაღალმხატვრული სატირული ასახვა საერთოდ ადამიანის, მისი ზნეობის, მისი ცხოვრების აზრის ზოგადკაცობრიულ პრობლემებზე დაგვაფიქრებს. ჭავჭავაძის პირველმა ლიტერატურულ-კრიტიკულმა წერილმა «ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდგან "შეშლილის" თარგმნაზედა» ("ცისკარი", 1861) ახალი თაობის ლიტერატურული მანიფესტის მნიშვნელობა შეიძინა. მასში, ისევე როგორც წერილებში "პასუხი" (1861) და "საქართველოს მოამბეზედ" (1863), ნათლად არის ჩამოყალიბებული რეალისტური მწერლობისა და სალიტერატურო კრიტიკის ძირითადი პრინციპები, ხელოვნებისა და ლიტერატურის არსისა და საზოგადოებრივი დანიშნულების, ობიექტური სინამდვილისადმი მხატვრული ლიტერატურის მიმართების მატერიალისტური გაგება, დასაბუთებული სალიტერატურო ენის განმარტივების, საერთო-სახ. ენასთან მისი დაახლოების აუცილებლობა. "ორიოდე სიტყვა"… იქცა "მამებისა" და "შვილების" ბრძოლის საწყისად. ხანგრძლივი განშორების შემდეგ, 1861 წელს ილია ჭავჭავაძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით აღძრული ფიქრები, მისი ჭირვარამის, მისი "დაუყუჩებელი ტკივილების" მწვავე განცდა და მზადყოფნა მისთვის ერთგულად მსახურების მხატვრულად აისახა "მგზავრის წერილებში", რომელიც არა მარტო ავტორის ან "თერგდალეულების" მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავდა და მიზანდასახული აქტივობის, მოქმედებისა და ბრძოლის წყურვილითა და მოწოდებით იყო განმსჭვალული. ამ ხანებში ჭავჭავაძე გატაცებით აგროვებდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს. 1863 ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი "საქართველოს მოამბე", მიუხედავად უმძიმესი საცენზური პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა. 1863 წელს ილია დაქორწინდა ოლღა გურამიშვილზე. 1864 "ნივთიერი საღსარის მოსაპოვებლად" მუშაობა დაიწყო ჯერ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ, შემდეგ — საქართველოში საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით — მომრიგებელ შუამავლად აღმოსავლეთ საქართველოში. 1868—1873 მუშაობდა დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ. ამ ხანებში დაწერა მან "გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები" (1865), გადაამუშავა "ქართვლის დედა" (1871) და "აჩრდილი" (1872), დაასრულა მუშაობა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებულ "მგზავრის წერილებსა" (1871) და "გლახის ნაამბობზე" (1872), ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული წყლულების მტკივნეული აღქმით გამოწვეული მწვავე სატირული ლექსები — "რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა" და "ბედნიერი ერი" (ორივე 1871), ქართული პატრიოტული ლირიკის უბრწყინვალესი ქმნილებათაგანი — "ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია" (1872); სატირულ-პუბლიცისტური ლექსები "გამოცანები", "კიდევ გამოცანები" და "პასუხის პასუხი" (1871—1872). 1873-იდან თბილისში დამკვიდრებული ილია ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პრაქტიკულ საზოგადოებრივ საქმიანობაში, რომლებსაც ბოლო წლებში რამდენადმე ჩამოცილებული იყო. 1875 აირჩიეს თავმჯდომარედ სათავადაზნაურო საადგილ-მამულო ბანკისა, რომელიც ჭავჭავაძის მოღვაწეობის შედეგად ფაქტობრივად ქართულ ეროვნულ ბანკად იქცა და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა ყველა ძირითად კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოში. 1881-იდან ჭავჭავაძე იყო მისივე ინიციატივით დაარსებული ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე, 1879—1885 — "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თავმჯდომარის მოადგილე, 1885-იდან სიცოცხლის დასასრულამდე საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე და სხვ. 1877 წელს მან დააარსა პროგრესული პერიოდული გამოცემა — "ივერია", რომელიც სამი ათეული წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული, სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი იყო. 1873 ჭავჭავაძემ ი. მაჩაბელთან ერთად თარგმნა შექსპირის "მეფე ლირი"; 1878 დაამთავრა ისტორიული პოემა "დიმიტრი თავდადებული", რომელიც სამშობლოსათვის თავგანწირვის პატრიოტული იდეის გაცხოველებას ემსახურებოდა; 1882—1883 შექმნა ღრმა ფილოსოფიური შინაარსის პოემა "განდეგილი", რომელშიც სულისა და ხორცის, ცხოვრების მიღება-არმიღების მარადიული პრობლემაა დასმული და რომლის მხატვრული ლოგიკით დაგმობილია ქვეყნისაგან, ცხოვრებისაგან განდგომა; ადამიანის დანიშნულებად და მოვალეობად დასახულია ამა სოფლისათვის ზრუნვა. ქართველი ერის აღორძინების იმედითაა განმსჭვალული ლექსი "ბაზალეთის ტბა" (1833). 1887 ჭავჭავაძემ შექმნა რეფორმის შემდეგდროინდელი ქართული სინამდვილის ამსახველი თხზულება "ოთარაანთ ქვრივი", რომელშიც ქართველი დედის შთამბეჭდავი სახე საერთოდ ქართველი ხალხის სულიერი ძლიერების, მისი შეუპოვრობისა და ქედუხრელობის სიმბოლოდ აღიქმება. 1870—1890-იან წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი ინტელექტით, ენციკლოპედიური ცოდნით, ფაქტებისა და მოვლენების განსჯისა და განზოგადების იშვიათი უნარით აღბეჭდილი მრავალი ნაშრომი და წერილი ლიტერატურათმცოდნეობის («აკაკი წერეთელი და "ვეფხისტყაოსანი"», 1887 და სხვ.), საქართველოს ისტორიის ("აი, ისტორია", 1889; "ქვათა ღაღადი", 1899 და სხვ.); ეკონომიკის ("კერძო და სათემო მიწათმფლობელობა", "ხიზნების საქმე", ორივე 1886 და სხვ.), სახალხო მეურნეობის (მევენახეობისა და მეღვინეობის, სოფლის მეურნეობის თვირფასი კულტურების, მელიორაციის, მესაქონლეობის, მრეწველობის და სხვ.), საბანკო საქმისა და ფინანსების საკითხებზე; წერილები უცხოეთზე — ევროპისა და აღმოსავლეთის პოლიტიკაზე და სხვ. ილია ჭავჭავაძემ თავის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაუთმო სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს, რამაც ფუძემდებლური როლი შეასრულა ქართულ პედაგოგიურ მეცნიერებისა და ქართულ სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. ჭავჭავაძე მკაცრად აკრიტიკებდა ცარიზმის საგანმანათლებლო პოლიტიკას. იგი, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაური, ეროვნების ბურჯის- ქართული ენის — დაცვისათვის ბრძოლას მჭიდროდ უკავშირებდა მშობლიურ ენაზე სწავლების, სახალხო სკოლების ქსლის ზრდის მოთხოვნებს, რაც პროგრესულ-დემოკრატიული პედაგოგიური მოსაზრებით იყო ნაკარნახევი. დღესაც აქტუალურია ჭავჭავაძის იდეები აღზრდისა და განათლების ორგანული კავშირის, გონებრივი, ზნეობრივი, ესთეტიკური, შრომითი და ფიზიკური აღზრდის შესახებ იგი განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა მასწავლებლის პიროვნებას და მის პირად მაგალითს. დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა ჭავჭავაძის შეხედულებას ოჯახში აღზრდის შესახებ: "…გაზრდა შვილისა ისეთი მოვალეობაა, რომ სხვა ყველაფერი ამას უნდა შევწიროთ, ამას უნდა შევალიოთ…" ("პედაგოგიური თხზულებანი", თბილისი, 1938, გვ. 353). ფასდაუდებელია ჭავჭავაძის მოღვაწეობა საქართველოში პროფესიული და უმაღლესი განათლების ორგანიზაციისა და ქალთა უმაღლესი განათლების განხორციელების საქმეში. იგი ზრუნვასა და შემწეობას არ აკლებდა უცხოეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს. სახალხო განათლებისა და პედაგოგიურ საკითხებზე მრავალი ნაშრომი დაგვიტოვა, მ. შ. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფუნდამენტურ ნაშრომს: "პედაგოგიკის საფუძვლები" (1888). ილია ჭავჭავაძე იყო არა მარტო მხატვრული სიტყვის დიდოსტატი-პოეტი, ბელეტრისტი, დრამატურგი, მთარგმნელი; არა მარტო სალიტერატურო ენის რეფორმატორი და კანონმდებელი, ქართული კრიტიკული რეალიზმის, რეალისტური კრიტიკისა და მებრძოლი პუბლიცისტიკის ფუძემდებელი, არამედ ასევე — დიდი მასშტაბისა და ფართო დიაპაზონის მკვლევარი, რომლის ინტერესები მეცნიერების არაერთ დარგს მოიცავდა; მისი პრაქტიკული მოღვაწეობა კი საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან უბანს სწვდებოდა და მათ წარმატებებში განსაზღვრულ როლს ასრულებდა. მთელი თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ჭავჭავაძე დიადი მიზნის განხორციელებას — ქართველი ხალხის კონსოლიდაციას, ეროვნული თვითშეგნების გამოცოცხლებასა და ამაღლებას, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ემსახურებოდა. ჭავჭავაძე იყო XIX საუკუნის II ნახევრის საქართველოს უდიდესი ეროვნული მოღვაწე, ქართველი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი. უწინარეს ყოვლისა, ამაშია მისი ეპოქალური დამსახურება საქართველოს წინაშე.მოწინავე ეროვნულმა იდეებმა, ერის გადარჩენის გზების ძიებამ ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა შემოქმედებაში შეიძინა მწყობრი და თანამიმდევრული კონცეფციის სახე, რომელიც მთელი ერის ქმედებისა და ბრძოლის ნათლად გააზრებულ პროგრამად იქცა და რომლის საბოლოო მიზანს ეროვნული ჩაგვრისგან თავისუფალი და სოციალურად თანასწორი საზოგადოების აშენება წარმოადგენდა. ჭავჭავაძე მეწინავე იყო მათ შორის, ვინც ქართულ სინამდვილეში ასეთი საზოგადოების აშენებისა და მშობელი ქვეყნის ბედნიერი მომავლის რწმენა დანერგა. 1905 წელს ილიამ შეადგინა პროგრამა, რომლის საფუძველზე 1917 წელს დაარსდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ამ ორგანიზაციის დაფუძნების სულისჩამდგმელი გახლდათ ილია ჭავჭავაძის დის შვილი, იმხანად ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის მარშალი, გენერალი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი. 1906 სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩეულმა ილია ჭავჭავაძემ განაცხადა: "სახელმწიფო საბჭოში თუ თავადაზნაურთა სახელით შევდივარ, ეს მხოლოდ ფორმალური, იურიდიული მხარეა. არ დავფარავ და ვიტყვი: საბჭოში მთელ საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქნები". 1907 წელს რუსეთის პირველ დუმაში (სახელმწიფო საბჭო) სამსახურის შემდეგ, ილიამ გადაწყვიტა საქართველოს დაბრუნებულიყო. ამავე წლის 28 აგვისტოს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთან ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ. ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთმა მოხუცმა კაცმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში. ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: "ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია". ვაჟა-ფშაველა წერდა: "ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ." 1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა. ილიამ სიცოცხლეშივე მოიპოვა მოწინავე ქართველი საზოგადოებრიობის საერთო აღიარება, უღრმესი პატივისცემა და დაფასება, ხოლო მისი მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ თანდათან სულ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ბუმბერაზი მოაზროვნისა და მხატვრის ნამოღვაწარის, მისი მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედების მაღალი ღირებულების, იმ დიდმნიშვნელოვანი მისიის ჭეშმარიტი აზრი, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერ და გონებრივ აღორძინებაში შეასრულა. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე წმინდანად არის შერაცხული.

ტექსტის წყარო



No comments:

Post a Comment